აშშ-ში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია დღევანდელი მთავრობის ყველაზე დიდ დანაშაულად მიიჩნევს "ნაციონალური მოძრაობის" დემონიაზციას რუსეთის გეგმის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.
მისი განცხადებით, გაუთავებლად სამართლიანობის აღდგენის (ანუ შურისძიების) მოთხოვნა კიდევ უფრო აღვივებს მოსახლეობაში ურთიერთ სიძულვილს, ნიშნის მოგებას, საკუთარი თანამემამულის სისხლის წყურვილს.
" ეს ხდება მაშინ, როდესაც განსაკუთრებით გვჭირდება ერთიანობა, თანადგომა, სიმტკიცე და როდესაც რუსეთს მხოლოდ ის დარჩენია, რომ თბილისში, პრეზიდენტის სასახლეზე რუსული დროშა ააფრიალოს. რუსეთი ჩვენს მიწებს ყოველდღე იტაცებს, მისი მე-5 კოლონა სრულიად ღიად, დაუსჯელად და თითქმის ტრიუმფით მოქმედებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უკვე ყური აგვიწია, ევროკავშირზე და მითუმეტეს ნატოზე ფიქრიც არ გაბედოთ თორემ დედა გეტირებათო.", - აცხადებს დოდონა კიზირია.
მისივე თქმით, რუსეთის სხვადასხვა ცენტრები უკვე გეგმავენ გაიყვანონ სამხედრო მნიშვნელობის გზატკეცილი ცხინვალიდან ერევნამდე და ბათუმიდან ასევე ერევნამდე.
"ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზატკეცილები კი რუსული სამხედრო ძალების კონტროლის ქვეშ იქნება. ასეთი პროექტის ერთერთ ავტორს, მიხეილ ჩერნოვს ინტერვიუს აღების დროს ჰკითხეს, მერე იქ რომ სოფლები და ქალაქებია, როგორ აპირებთ ამ გეგმის განხორციელებასო. მან კი უპასუხა, ამას არა აქვს მნიშვნელობაო. ესე იგი ჩვენ ვართ მხოლოდ ტერიტორია, როგორც ხალხი უკვე აღარ ვარსებობთ რუსეთის თვალში. ვართ ჭიანჭველები, რომლებსაც ვერც კი შეამჩნევენ როგორ გასრესენ. ყველა ერში არის რაღაც დაპირისპირება და გაწევ-გამოწევა, მაგრამ ამგვარი დონის სიძულვილი მე არ ვიცი. ერთერთი მეცნიერის აზრით, ნებისმიერი ეთნოსის არსებობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 1500 წელია. შემდეგ ისინი ან სრულიად ქრებიან დეგრადირების გამო, ან უკვალოდ გაითქვიფებიან სხვა ეთნოსებში. ამ ბოლო ხანებში ეს ციფრი ხშირად მიტრიალებს თავში,"- აღნიშნავს პროფესორი..