საპარალამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი თინა ხიდაშელი 3/4-იან საკონსტიტუციო კვორუმს ანომალიურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ არსებული კვორუმის შეცვლას ალტერნატივა არ გააჩნია.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რაც უფრო დიდი ხანი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განხილვის პროცესში, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ კონსტიტუციის სტაბილურობა შენარჩუნდეს.
"კვორუმთან დაკავშირებული დღევანდელი საკონსტიტუციო ჩანაწერი აბსოლუტური ანომალიაა. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთ ტიპის კვორუმია, თუმცა იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ცლილებების შეტანა ჩვეულებრივი ამბავი არ გახდეს, დაცვის ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს. მაგალითად, ამის ერთერთი ვარიანტია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღება და მისი ძალაში შესვლა შემდგომ არსებული პარლამენტის მიერ,. ან საკონსტიტუციო პროექტის მომდევნო სესიებზე დამტკიცება, ან სხვადასხვა კვორუმით დამტკიცება. ის, რომ არსებული კვორუმი უნდა შეიცვალოს, ამას ალტერნატივა არ აქვს. ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველომ იმ გზით იაროს, რომ 3/4 პარლამენტში ერთ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს. გამოდის, რომ კონსტიტუციას ხელი ვერასდროს უნდა ახლო", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.