გაერო-ს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნავანეთემ პილაი ხელისუფლებას მოუწოდებს პენიტენციალური სისტემის საკითხებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მეტი ჩართულობის შესაძლებლობა მისცეს. როგორც გაეროს კომისარმა საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა სასურველია შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი რომელიც გააქარწყლებს საზოგადოების ეჭვებს ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიც არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმე.
,, მოვუწოდებ ხელისუფლებას მისცეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მეტი ჩართულობის შესაძლებლობა პენიტენციალური სისტემის საკითხებში. მე ასევე შევთავაზე ხელისუფლებას შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი რომელიც გააქარწყლებს საზოგადოების ეჭვებს ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიც არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმე. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ფარული ჩანაწერების თემა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება ათასობით ფარული ჩანაწერის განადგურების შესახებ. მიუხედავად ამისა მაინც რჩება მოსაზრება იმის შესახებ რომ ფარული ჩაწერა კვლავ ხორციელდება", _განაცხადა ნავანეთემ პილაიმ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უმაღლესი კომისარი თბილისს 19 მაისს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იგი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ხურვალეთსაც ესტუმრა. უმაღლესი კომისარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საცხოვრებელი პირობებს გაეცნო. ნავანეთემ პილაიმ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული სკოლა მოინახულა. გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა ადგილზე ნახა რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ გავლებული მავთულხლართები და შედეგად შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება.