არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა" ხუთი კომერციული ბანკის: საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, პროკრედიტ ბანკის, ბანკ რესპუბლიკის და ბაზის ბანკის სამი კვარტლის შემოსავლების (მათ შორის ჯარიმები/საურავები, მთლიანი საპროცენტო) მონაცემები შეისწავლა. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ კომერციული ბანკების ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებული შემოსავლების დიდი მოცულობის გამომწვევი მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყანაში არსებული არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობაა. როდესაც ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ კომერციული ბანკებიდან სესხის აღება გარკვეული აქტივობების დასაფინანსებლად ხდება, ქვეყანაში არსებული ნაკლებად პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემო ამ აქტივობების წარმატებით განხორციელებას ხელს უშლის. ამის გამო ფიზიკური/იურიდიული პირები ხშირად არა თუ ძირი თანხის, არამედ სესხზე არსებული პროცენტის დაფარვასაც ვერ ახერხებენ, რაც საბოლოოდ ჯარიმების/საურავების დაგროვებას უწყობს ხელს. შესაბამისად, იმის გამო, რომ კომერციული ბანკები მოგებაზე არიან ორიენტირებულნი, ისინი იძულებული არიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება კანონმდებლობით მომხმარებლებს მოთხოვონ.
„საზოგადოება და ბანკების" მიერ მოძიებული მონაცემების მიხედვით 2011 წელს ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით პირველ ადგილზე „საქართველოს ბანკი" იდგა - 8,036,804 ლარის ოდენობით, მეორეზე „თიბისი ბანკი" - 5,930,712 ლარი, ხოლო მეხუთე ადგილზე კი „ბაზის ბანკი" - 385,280 ლარი. 2012 წლიდან „საქართველოს ბანკი" მეორე ადგილზე ინაცვლებს და მის ადგილს „თიბისი ბანკი" იკავებს (2012 წელს - 11,028,234 ლარი, 2013 წელს - 14,929,246 ლარი, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალში კი - 6,963,776 ლარი). მესამე ადგილზე კვლავ „ბანკი რესპუბლიკა" დგას, მეოთხეზე „პროკრედიტ ბანკი", ხოლო მეხუთეზე კი „ბაზის ბანკია" (2012 წელს - 652,763 ლარი, 2013 წელი - 866,787 ლარი და 2014 წლის პირველ კვარტალში - 179,964 ლარი).
როგორც „საზოგადოება და ბანკებში" განმარტავენ, „თიბისი ბანკის" მოწინავე ადგილზე ყოფნის მიზეზი ასევე შეიძლება მრავალგვარი იყოს: „თიბისი ბანკი" შესაძლოა სხვა კომერციულ ბანკებთან შედარებით უფრო მარტივად გასცემს სესხებს და მათ რისკიანობას ნაკლებად აფასებს; ასევე შესაძლოა სესხებს ისეთი სექტორების დასაფინანსებლად გასცემს, რაც ნაკლებად მომგებიან სფეროს წარმოადგენს ქვეყანაში; ეს ყველაფერი კი ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ ბანკისთვის ვალის დაუბრუნებლობის რისკებს ზრდის, რაც საბოლოოდ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებული შემოსავლების აკუმულირებას უწყობს ხელს. ასევე, მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ბანკის მიმართ მომხმარებლის ნდობის საკითხიც. შესაძლოა 2012 წლიდან „თიბისი ბანკის" მიმართ მომხმარებლები (გარკვეული მიზეზების გამო) უფრო დადებითად განეწყვნენ, რამაც მათი ამ ბანკთან თანამშრომლობა უფრო გააქტიურა. ეს ფაქტორიც შეიძლება ასევე კავშირში იყოს „თიბისი ბანკის" ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით მოწინავე ადგილზე ყოფნასთან.
„მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს „საქართველოს ბანკი" ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით სხვა ბანკებთან შედარებით პირველ ადგილზე დგას, მთლიან საპროცენტო შემოსავლებში არსებული პროცენტული წილის მიხედვით - 2.3%-იანი მაჩვენებლით ის მეოთხე ადგილს იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებული მაღალი შემოსავლებისა მისი მთლიანი საპროცენტო შემოსავლები საკმაოდ მაღალია და ჯარიმებიდან აკუმულირებული შემოსავლები მისი მთლიანი შემოსავლის ძალიან მცირე წილს წარმოადგენს. იგივე ეხება „თიბისი ბანკსაც". 2011 წელს ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებული შემოსავლების ოდენობის მიხედვით ის მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მთლიან საპროცენტო შემოსავლებში არსებული პროცენტული წილის მიხედვით - 2.7%-იანი მაჩვენებლით მესამეს. ესეც იმას მიუთითებს, რომ ამ სახის შემოსავლები მისი მთლიანი შემოსავლის ძალიან მცირე ოდენობას წარმოადგენს. თუ დანარჩენ წლებს თვალს გადავავლებთ დავინახავთ, რომ ყველა ბანკის მონაცემი 0.6%-7.8% ფარგლებში მერყეობს, რაც არა თუ ბანკების მთლიან შემოსავლებთან, არამედ მხოლოდ საპროცენტო შემოსავლებთან მიმართებაშიც საკმაოდ მცირე წილს წარმოადგენს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება, კომერციული ბანკების ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებული შემოსავლები მათი მთლიანი შემოსავლების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება"- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.