ჰააგაში სამხედრო დანაშაულებების საერთაშორისო ტრიბუნალზე ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილი სამხდერო დანაშაულებების საქმეზე ბოსნიელი სერბების სარდლის რადკო მლადიჩის დაცვამ სიტყვით გამოსვლა დაიწყო.
რადკო მლადიჩს ბრალი ედება სამხედრო დანაშაულებებში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებსა და გენოციდში.
სულ მლადიჩს 11 მუხლით აქვს წარდგენილი ბრალი და ყველა მათგანი დაკავშირებულია ბოსნიაში მომხდარი ომის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ეპიზოდთან - 1995 წელს სერებრენიცაში ათასობით ბოსნიელი მამაკაცისა და მოზარდის მკვლელობასთან.
72 წლის რადკო მლადიჩი მისთვის წაყენებულ ყველა ბრალს უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ იანვარში რადკო მლადიჩმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
რადკო მლადიჩი ტრიბუნალს „სატანისტურს" უწოდებს და აცხადებს, რომ მის მიერ მიცემული ჩვენებები შესაძლოა იქამდე მივიდეს, რომ მისი საკუთარი საქმე მიკერძოებულად განიხილონ.
რადკო მლადიჩის ადვოკატები მის დაცვას ცდილობენ და აცხადებენ, რომ გენერალი ბრძანებებს ასრულებდა.
როგორც ჰააგაში მყოფი „ბი-ბი-სის" კორესპოდენტი კი იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ რადკო მლადიჩი ყველა ბრალდებას უარყოფს, ომს გადარჩენილი ხალხი მას ერთ ერთ ყველაზე ყველაზე მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მლადიჩმა პასუხი უნდა აგოს.
ამ ადამიანთათვის რადკო მლადიჩის სასამართლო არის საშუალება გაიგონონ სიმართლე და მიაღწიონ სამართლიანობას.
გენერალი რადკო მლადიჩი ბოსნიელი სერბების ჯარებს სარდლობდა 1990-იანი წლების პირველ ნახევრში მთელი ომის განმავლობაში და მიიჩნევა, რომ მას ეკისრება პირადი პასუხისმგებლობა ამ ომის ყველაზე სისხლიან ეპიზოდებზე. ბოსნიელი სერბების ლიდერთან რადოვან კარადიჩთან ერთად რადკო მლადიჩი გახდა ეთნიკური წმენდის სიმბოლო ხორვატებისა და მუსულმანი ბოსნიელების წინააღმდეგ.
ომის დასრულების შემდეგ რადკო მლადიჩი იყო ერთ ერთი ყველაზე ძებნილი სამხედრო დანმაშავე. ის მართლმსაჯულებას სერბეთის სამხრეთ ნაწილში 16 წლის განმავლობაში ემალებოდა. ის 2011 წელს დაიჭირეს და ჰააგაში გააგზავნეს.