ევროკომისიამ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელიც უკრაინის წინაშე არსებული გამოწვევების გადაწყვეტაზე იმუშავებს. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად მივმართავდი ევროკომისიას თხოვნით, გამოეყოთ უფრო მეტი ადამიანი, რომლებიც იმ გამოწვევებზე იმუშავებდნენ, რაც სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში წარმოიშვა", - განაცხადა ფულემ.
მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელშიც ევროკომისიის 30 თანამდებობის პირი შედის და ისინი დაკავდებიან უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტით.
„შედეგები იქნება ხელშესახები და ყველა უკრაინელისთვის საგრძნობი", - განაცხადა ფულემ.