კოალიცია "ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით ჯიქიამ, მეტალურგიულ ქარხანაში მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად დღეს საწარმოს ადმინისტრაციის წინ შეკრებილ მეტალურგებთან წარადგინა.
"ქართულ ოცნებას" კანდიდატები რუსთავის ათივე მაჟორიტარულ ოლქში ეყოლება. კოალიციის სახელით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მეტალურგი რობიზონ ლომიძე; ადვოკატთა ასოციაციის წევრი გოჩა შავაძე; ეკონომისტი გრიგოლ კამკამიძე; რუსთავის პირველი საკალათბურთო კლუბის დამაარსებელი მამუკა აბაშიძე; ეკონომისტი დავით მაღლაკელიძე; ბიზნესმენი მარლენ ლაბაძე; კერძო სკოლა "მილენიუმის" დამაარსებელი ელზა ლეკვეიშვილი; ეკონომისტი მამუკა მიქაუტაძე; ჟურნალისტი და დოკუმენტალისტი ზვიად სეხნიაშვილი; ინჟინერ-ეკონომისტი თენგიზ ტაბატაძე.
"ქალაქი რუსთავი მეტალუგიული ქარხნის გარშემო აშენდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამომრჩევლისათვის მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად აქედან წარგვედგინა. ათივე მაჟორიტარი ღირსეულია და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ",- განაცხადა დავით ჯიქიამ.
"ქართული ოცნების""ათივე მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთაველია, მათ წინასაარჩევნო კამპანია რუსთავის მერობის კანდიდატ დავით ჯიქიასთან ერთად, ოფიციალურად დღეიდან დაიწყეს.