16 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში უნგრული წარმოშობის, ირანში მცხოვრები მხატვრის გიზელა ვარგა სინაის გამოფენა სახელწოდებით ,,მოგზაური დღიური" გაიხსნება.
პროექტი მოიცავს დიდ კულტურულ პროგრამას - მხატვრის გამოფენას და მისი მეუღლის, ირანელი დოკუმენტალისტის, ხოსრო სინაის ფილმების ჩვენებას კინოს სახლში. გიზელა ვარგა სინაი დაიბადა უნგრეთში. ხელოვნებას ავსტრიაში, ვენის აკადემიაში სწავლობდა. ადრეულ ასაკში დაინტერესდა უნგრული ზღაპრებით, თქმულებებით, ქვეყნის აღმოსავლური წარსულით. ირანში ყოფნის დროს გაუჩნდა სურვილი, წარსული და მომავალი ერთ სურათად აესახა. თავისი შემოქმედების ძირითად თემებს მხატვარი მითოლოგიაში ეძებს და მის სტილს ფრესკული ფერწერის ნიშნები ახასიათებს.
გიზელა ვარგა სინაი 1968-დან 2005 წლამდე ირანში მოღვაწეობდა. ამ პერიოდში, ის ექვსი დიდი პროექტის ავტორი იყო: ,,დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ", ,,ბრმა თოჯინები", ,,სიჩუმის ექო", ,,სამხრეთი და მისი ნიღბები", ,,გამოსახულებები და კედლები", ,,მოგზაური დღიური".
გამოფენა გაგრძელდება 28 მაისამდე.