ფარული სატელეფონო საუბრის გამოქვეყნება მედიის მხრიდან, სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი ქმედებაა, მაგრამ არსებობს კანონები, რომლის მიხედვითაც პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება არის შეზღუდული, აკრძალული, ან დასჯადი.
აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, გამოხატვის შესახებ კანონი წლების წინ არის მიღებული და ის კანონები, რომლის საფუძველზეც ამგავრ ქმედებაზე პასუხისმგებლობას აწესებს, მიღებულია მოგვიანებით. აქედან გამომდინარე, აქ კონკურენციის პრობლემა დგას და საკითხი იმის მიხედვით წყდება, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელ საკითხს მიენიჭება პრიორიტეტი.
"ამ კანონებს შორის ერთგვარი კონკურენციაა, რადგან გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი მიღებულია დაახლოებით ათი წლის წინ და კანონები, რომელიც პასუხისმგებლობას აწესებს, მიღებულია უფრო გვიან. ერთი კანონიც სპეციალურია და მეორეც, ამიტომ აქ ნორმათა კონკურენციის პრობლემა დგება. ასეთ დროს საკითხი წყდება იმის მიხედვით, თუ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე რას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი", -აღნიშნა ხმალაძემ.