კოპენჰაგენში გამართული ევროვიზიის მეორე ნახევარფინალის შედეგები მოულოდნელი და გულდასაწყვეტი აღმოჩნდა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ აქ მყოფი უამრავი ევროპელი კოლეგისთვის და სპეციალისტისთვის. ჯერ კიდევ ნახევარფინალამდე ორი დღის განმავლობაში ევროვიზიის პრესცენტრში, თვით საკონცერტო არენის ტერიტორიაზე და ქალაქში ჩვენთან მოდიოდა ათეულობით კოლეგა ესპანეთიდან , გერმანიიდან , იტალიიდან , ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და განსაკუთრებით მასპინძელი ქვეყნის -დანიის მასმედიის წარმომადგენლები, თითქმის, ყველა ერთბაშად აღნიშნავდა, მარიკო ებრალიძე და ჯგუფი "შინ" არის ამ კონკურსის ერთ-ერთი გამორჩეული ჯგუფი და არავის არ ეპარებოდა ეჭვი რომ ჩვენები გავიდოდნენ ფინალში. მეტიც - ბევრი სპეციალისტი და კოლეგა ამბობდა, რომ საქართველოს აქვს დიდი შანსი გახდეს წლევანდელი ევროვიზიის ერთ-ერთი ლაურიატი. .
ამიტომ ის ფაქტი, რომ მარიკო ებრალიძე და „შინ" ვერ გავიდნენ ფინალში, გახდა გულდასაწყვეტი ბევრი კოლეგისთვის. ათობით ჟურნალისტი მოვიდა ჩემთან პრესცენტრში მეორე ნახევარფინალის შემდეგ და სინანული გამოთქვეს ასეთი შედეგის გამო. კოლეგები აღნიშნავდნენ, ქართველები თავისი საინტერესო გამოსვლით იმსახურებდნენ ფინალში გასვლას.
ჩვენების გამოსვლის დროს მე ვიყავი საკონცერტო დარბაზში და აშკარა იყო, მაყურებლების -10-ათასიან არენაზე თითქმის ანშლაგი იყო - ძალიან თბილად შეხვდნენ ჩვენი ჯგუფის გამოსვლას და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით გააცილეს მარიკო და „შინ".
მაყურებელთა ერთი ნაწილი მეხმარებოდა, როცა მარიკოს და „შინის" გამოსვლის დროს ერთ ერთ ტრიბუნაზე ( სცენიდან დაახლოებით 30 მეტრში) ავწიე ბანერი „ჯორჯია, სოხუმი", 20 წუთის შემდეგ კი - ამ მეორე ნახევარფინალის ბოლოს - ჩავედი ფანზონაში და სცენასთან ახლოს 5 მეტრში რამდენიმე წუთი მეკავა ეს ბანერი . ფანებმა საბერძნეთიდან და უკრაინიდან თავაზიანად დამითმეს სადგომი ადგილი სცენასთან ახლოს ფანზონის ტერიტორიაზე, არენის დაცვის თანამშრომლები იყვნენ ძალიან ყურადღებიანი, თუმცა ჟესტებით მაჩვენეს - სცენაზე არ შეიძლება ასვლა და არც ძალიან ახლოს მისვლა. თანხმობის ნიშნად მე დავუქნიე თავი. ბანერი აწეული მქონდა და მესმოდა შეძახილები - „ჯორჯია, ჯორჯია", მესმოდა ტრიბუნიდაც ქართულად -საქართველო... კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოდან ჩამოსული რამდენიმე ფანი და დანიაში მცხოვრები ქართველების ნაწილი -რამდენიმე მათგანი ვნახე დარბაზში და არენის ტერიტორიაზე. მათ შორის იყო კოპენჰაგენში მცხოვრები 13 წლის ჩოგბურთელი მარიამ თედოშვილი - დანიის 2013 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია თავის ასაკობრივ ჯგუფში. მარიამის მამა ქუთაისელი დიტო თედოშვილი არის წარსულში ცნობილი მორაგბე , 1980 -ანი წლების ბოლოს და 1990 -ან წლებში იცავდა ქუთაისის „აიას" ღირსებას, იყო სსრკ კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, 1990 -წლებში საქართველოს ჩემპიონი. 1998 წლიდან დიტო ცხოვრობს დანიაში-ჯერ თამაშობდა ადგილობრივ სარაგბო გუნდებში, აქვე დაოჯახდა -მისი მეუღლეა ექიმი ქეთევან როგავა.
მარიამი დაიბადა კოპენჰაგენში, კარგად იცის ქართული, ის უკვე 6 წელია თამაშობს ჩოგბურთს და აქვს საკმაოდ კარგი შედეგებიც... დარბაზში მაყურებლებს შორის იყვნენ დანიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და ელჩი ბატონი ნიკოლოზ რთველიაშვილი, რომლებმაც ევროვიზიის დაწყებამდე საკადრისი ყურადღება მიაქციეს საქართველოს დელეგაციას ევროვიზიაზე , აპრილის ბოლოს მარიკო ებრალიძეს და ჯგუფ „შინის" წევრებს დანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა-საღამო მოუწყვეს. ბევრისთვის მოულოდნელი იყო აგრეთვე ის, რომ ლიტვის და ისრაელის წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ ევროვიზიის ფინალში. მანამდე-პირველი ნახევარფინალის მოულოდნელობა იყო პორტუგალიის ფინალის გარეთ დარჩენა. ევროვიზიის კონკურსის პირობები ისეთია, რომ ფინალში გასვლა და შემდეგი წარმატება დამოკიდებულია არა მარტო თავად შემსრულებლებზე, არამედ სხვადა სხვა ქვეყნებში ქომაგების სატელეფონო აქტიურობასა და მხარდაჭერაზე, ამისთვის კი საჭიროა ბევრი ფაქტორის გათვალისწინება და მრავალმხრივი ორგანიზაციულ -ტექნიკური აქტიურობა სხვა და სხვა დონეზე.
თენგიზ პაჭკორია, კოპენჰაგენი.
ფოტო - საქართველოს ელჩი დანიაში ნიკოლოზ რთველიაშვილი, საელჩოს პირველი მდივანი ნინო ქოჩორაშვილი და ამ სტრიქონების ავტორი