პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო ევროპის კარიბჭესთან დგას და დარწმუნებული ვარ შევძლებთ ამ კარის შეღებას და საქართველო ევროპის სრულფასოვანი წევრი გახდება.
ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნაზე განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღეს: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა, გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილ სკოტმა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა.
"ეს არ არის ევროპის, როგორც გეოგრაფიული არეალის დღე. ეს არის ევროპის, როგორც ღირებულებების დღე. ჩვენ ვზეიმობთ მას ევროპის სახელმწიფოებთან და ევროპელ მოქალაქეებთან ერთად როგორც მშვიდობის დღეს. ჩვენ ვზეიმობთ თანასწორობის დღეს, კანონის უზენაესობის დღეს, ეკონომიკური წინსვლის დღეს, ტოლერანტობის დღეს, სტაბილურობის დღეს, სოლიდარობის დღეს. სწორედ ამ ღირებულებების გამოა ევროპა ის ადგილი, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის. ეს ღირებულებები მხოლოდ ევროპის ღირებულებები არ არის, ის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებია, მაგრამ ევროპა არის ის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ხდება ამ ღირებულებების ცხოვრებაში გატარება. ამიტომ მიისწრაფვის საქართველო, ერთის მხრივ, თავისი ფესვებისკენ და მეორეს მხრივ, იმ სისტემისკენ, იმ ინსტრუმენტებისკენ, რომელიც ჩვენს ღირებულების ფესვებს რეალობად აქცევს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება სრულიად ევროპა ერთნაირად არის შეშფოთებული.
"ყველასთან ერთად ეს ფაქტი იმაზეც მეტყველებს, რომ ევროპა ვერ იქნება სტაბილური და ევროპა ვერ იქნება ევროპა, თუ დანარჩენი მსოფლიო არ გახდება სტაბილური და მშვიდობანი. ჩვენ, საქართველო, ქართველი ხალხი ჩვენს ევროპელ მეგობრებს გთავაზობთ თანამშრომლობას, პარტნიორობას, სოლიდარობას ამ რთულ პერიოდში, რაც სასარგებლო იქნება საქართველოსთვის და ევროპისთვისაც", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.