მილიმეტრ ფილმის და კინო იბერიკას ერთობლივი პროექტი "შემთხვევითი პაემნები", რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა აგრძელებს წარმატებულ მოგზაურობას მსოფლიო კინოფესტივალებზე. იტალიაში, ლეჩეში ევროპული კინოს ფესტივალზე ფილმს გრან პრი ერგო ჯილდოდ.
ფილმის ამ წარმატებას მრავალი პრიზი უძღოდა წინ. ვისბადენის ფესტივალზე ის პრიზით საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა. ამავე ფესტივალის ფარგლებში მსახიობმა ვახო ჩაჩანიძემ ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა ფილმში შესრულებული როლისთვის.
ფილმის მსოფლიო და ევროპული კინოპრემიერა ტორონტოსა და ბერლინის კინოფესტივალებზე შედგა. ის ნაჩვენებია ბევრ საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც სხვადასხვა პრიზი აქვს აღებული.
"შემთხვევითი პაემნები" ვილნიუსის საერთაშორისო კინო ფესტივალის პრიზით საუკეთესო რეჟისურისთვის არის დაჯილდოვებული.სოფიას მე-18 კინოფესტივალზე კი ფილმი სამი მთავარი პრიზით , გრან-პრი, პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოთი (FIPRESCI) დაჯილდოვდა . ასევე, აბუ დაბის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს ერთ-ერთი მთავარი პრიზი ერგო. "შემთხვევითი პაემნები" უკვე შეისყიდა ევროპის ხუთმა ქვეყანამ, მის მიმართ ინტერესი მაღალია და მის ჩვენებებს არაერთი დადებითი შეფასება მოჰყვა მსოფლიოს წამყვან კინო გამოცემების მხრიდან, როგორებიცაა "The Hollywood Reporter, Variety, Screen Daily" .
ფილმმა გახსნა თბილისის 14-ე საერთაშორისო კინოფესტივალი და მისი ჩვენება ფესტივალის ფარგლებში მოხდა, ხოლო ქართველ მაყურებელს მისი ნახვის საშუალება შემოდგომაზე თბილისის კინოთეატრებში ექნება.