საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში თურქ კოლეგა აბდულა გიულისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კულტურული მემკვიდრეობის და რელიგიური ჯგუფების ინტერესები საქართველოსა და თურქეთში ერთნაირად არის და იქნება დაცული მომავალში.ამასთან, საქართველო მზად არის, დაიცვას ის პრინციპები და ღირებულებები, რომლეზეც ორი ქვეყანა თანხმდება.
"ამ ერთობას, კეთილდღეობას ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან, რომელიც ნატო-ს წევრია და სერიოზული ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია, საქართველოს სახელმწიფო უყურებს იმედით, ინტერესით და მომავალში ხედვით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეს არის საკითხები, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და გვაქვს მყარი მხარდაჭერა თურქი კოლეგებისა ამ საკითხებზე. არაღიარების პოლიტიკაშიც თურქეთის მხარე მკაფიო და სწორ პოლიტიკას ადგას.
"დღეს კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ იმ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და ტრანსნაციონალურ პროექტებს, რომლებიც ხორციელდება სწორედ თურქულ და აზერბაიჯანულ მხარეებთან ერთად. ეს არის გაზსადენები, ნავთობსადენები, რკინიგზა, რომელთაც ჩვენ ერთად ვავითარებთ და გუშინ დამატებითი იმპულსი მიეცა ამ პროექტების გაღმავებას როგორც ევროპის, ისე აზიის მიმართულებით. ჩვენ ხაზი გავუსვით ასევე იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც ხორიცელდება ეკონომიკის, კულტურის, სამხედრო მიმართულებით. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ერთნაირად ვუყურებთ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ასევე რელიგიური ჯგუფების, მათი ინტერესების დაცვის საკითხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ინტერესები ერთნაირად, ერთი სტანდარტით არის დაცული და იქნება მომავალში დაცული საქართველოში და თურქეთში. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ბიზნესთანამშრომლობა, რომელიც ღრმავდება ჩვენსა და თურქეთს შორის, უკვე იღებს ძალიან საინტერესო ფორმებს და შინაარსს. გუშინ იყო ბიზნესფორუმი, რომელსაც კონკრეტული დადებითი შედეგი მოჰყვება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.