ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომრით- "5", 16 მაისამდე გახდება ცნობილი.
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომერთან დაკავშირებით, ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ცესკო არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა იმსჯელებს.
"რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი არ განეკუთვნება ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილებას. ცესკო-ს თავმჯდომარის წერილში, რომელიც გაიგზავნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელზე, მითითებულია საარჩევნო კოდექსის 145-ე მუხლის მე-8 მუხლი, სადაც წერია, რომ საკრებულოს არჩევნებისთვის თუ ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. ვინაიდან ბლოკის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი პარტია აკმაყოფილებს ამ პირობას და მეორე - არა, ასეთ შემთხვევაში ეს საკითხი გადაწყდება ცესკო-ს მიერ არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა, რომელიც საარჩევნო გრაფიკის მიხედვით 16 მაისია", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
ცესკო-ს სპიკრმა არ დააკონკრეტა, როგორ მოხდება საარჩევნო ნომრის მინიჭება - წილისყრით, თუ ცესკო-ს წევრები რაიმე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ.