პირველად საქართველოში კომპანია „EY საქართველო" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გამართავს ბიზნეს დაჯილდოებას „წლის მეწარმის" გამოსავლენად. აღსანიშნავია, რომ კომპანია EY მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 145 ქალაქში ატარებს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ და მაშტაბურ დაჯილდოებას მეწარმეობის სფეროში. დაჯილდოების ისტორია 28 წელს ითვლის. 2014 წლის ნოემბერში საქართველოც შეუერთდება ამ ქვეყანათა რიგს და გამოავლენს წლის საუკეთესო მეწარმეს.
„წლის მეწარმის" კონკურსისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება 2014 წლის 7 მაისს 10:30 საათზე სასატუმროში „რადისონი". საქართველოში კონკურსის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი", მედია სპონსორი - ბიზნეს გამოცემა Forbes.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, „EY საქართველოს" მმართველი პარტნიორი რულან ხოროშვილი და „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური.
„წლის მეწარმის" უნიკალური მნიშვნელობის მქონე ჯილდოს მიზანია წარმატებული მეწარმეების გამოვლენა და მათ მიერ საკუთარი ქვეყნის თუ მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარება. დაინტერესებულ მეწარმეებს 2014 წლის 7 მაისიდან 1 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ კონკურსის განაცხადის ფორმის შევსება ვებგვერდზე: ey.com/eoy/ge.
2014 წლის ნოემბერში კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებში და ასევე დასახელდება 2014 „წლის მეწარმის" ტიტულის მფლობელი.
საქართველოში „წლის მეწარმის" კონკურსის გამარჯვებული, 2015 წლის ივნისში, გაემგზავრება მონტე კარლოში გამართულ მსოფლიოს წლის მეწარმის კონკურსზე- „World Entrepreneur Of The Year® .