19 მაისს, 18:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში რადიშ თორდიას პერსონალურ გამოფენა გაიხსნება.
გამოფენა გაიმართება მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში.
გამოფენა რეტროსპექტული სახისაა, მასზე წარმოდგენილ იქნება მხატვრის განვლილი შემოქმედებითი გზის ამსახველი მნიშვნელოვანი ნამუშევრები, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე. ექსპოზიციაზე მხატვრის 100-მდე ფერწერულ ტილო გამოიფინება.
გამოფენის გახსნაზე შედგება რადიშ თორდიას ნამუშევრების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
რადიშ თორდია შემოქმედებით ასპარეზზე გასული საუკუნის ადრეულ 60-იან წლებში გავიდა. 1962 წლიდან მოყოლებული, რ. თორდია მუდმივად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებზე, რაც არაერთხელ აღინიშნა სპეციალური ჯილდოთი; სხვადასხვა დროს მას ჰქონდა 9 პერსონალური გამოფენა (თბილისი, მოსკოვი, კელნი, დრეზდენი, ტუნისი, ვაშინგტონი, ნიუ იორკი). 2002 წელს Joyce Dutka Arts Foundation-ის მიერ აშშ-ში ჩატარებულ სახვითი ხელოვნების საერთაშორისო კონკურსში რადიშ თორდია გამარჯვებულთა ათეულში დასახელდა. მისი ნამუშევრები ინახება როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში, გალერეებსა თუ კერძო კოლექციებში.
გამოფენა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ერთ თვეს გასტანს.