დღეს, 6 მაისს, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოგამოფენა გაიხნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოები, რომლებიც ქუთაისის მოსახლეობის კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებას ასახავს.
ნიკოლოზ საღარაძე (1877-1963) ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან ფოტოგრაფთაგან, რომელიც მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა საქართველოში. 12 წლის ასაკში საღარაძე სხვა ქუთაისელი ფოტოგრაფის, წარმოშობით ოდესელი ალექსანდრე მიხაილოვის მოწაფე, მოგვიანებით მისი თანაშემწე, ხოლო 1912 წლიდან მიხაილოვის სტუდიის მფლობელი იყო.
1947 წელს ნიკოლოზ საღარაძემ ქუთაისის პერიოდში გადაღებული ფოტოების ნეგატივები და ალბომები საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივს საჩუქრად გადასცა. 150-მდე ნეგატივთან ერთად არქივს მან 15 ფოტოალბომი უსახსოვრა.
2014 წელს ნიკოლოზ საღარაძის ყველა მინის ნეგატივი გაიციფრა. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, რამდენიმეს გამოკლებით, სწორედ ამ ნეგატივებიდანაა დაბეჭდილი. დამთვალიერებელი ასევე იხილავს ქაღალდზე ნაბეჭდ რამდენიმე ფოტოს ორიგინალს, რომელთა ნეგატივები არ შემოგვრჩა.
გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული არქივი.