საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით საბერძნეთის რესპუბლიკის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
საბერძნეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა პირველი შეხვედრა საბერძნეთის იუსტიციის გენერალურ მდივანთან, გეორგიოს სურლასთან გამართეს. ჯგუფის ხელმძღვანელმა ბერძნულ მხარეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები გააცნო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საბერძნეთი, რომელიც ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტ ქვეყანას წარმოადგენს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სურვილს, სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებს და მხარეებმა კონკრეტული ერთობლივი პროექტის საკითხებიც განიხილეს, რომელიც არგონავტების ლაშქრობის მეორე საერთაშორისო კონფერენციის გამართვას შეეხება.
ქართველი დეპუტატები ხვალ შეხვედრებს ბერძენ კოლეგებთან გამართავენ.