5 მაისს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ტერმინებისა და ქმედების დაზუსტებას და ერთგვაროვან ინტერპრეტაციაზე შეთანხმებას ითვალისწინებს. მემორანდუმის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის კანონის მოთხოვნათა დაცვა და ერთიან სტანდარტზე შეთანხმებაა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ; არასამთავრობო ორგანიზაციების - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; ახალი თაობა - ახალი ინიციატივა, წარმომადგენლებმა.
მემორანდუმი აზუსტებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: წინასაარჩევნო აგიტაციის განსაზღვრება, აგიტაციაში მონაწილეობის ცნება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სხვ.
დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო აგიტაციად მიიჩნევა წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა, მსვლელობა, მაისურის ან სხვა ატრიბუტის ტარება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მხარდამჭერი გამოსახულებით. დაზუსტებულია წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის აკრძალვა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას და განმარტებულია, რომ სამუშაო საათებში არ ჩაითვლება შესვენებისთვის განკუთვნილი დრო.
მემორანდუმი განსაზღვრავს საარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ვალდებულებებსაც და ადგენს, რომ მათ უნდა ეცვათ დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელი; იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო კამპანია იმართება შენობის გარეთ, არ მიუახლოვდნენ შეკრების მონაწილეებს 5 მეტრის მანძილზე და არ დაუშვან შეკრების მონაწილეებთან დაპირისპირებული ძალის მიახლოვება; ხოლო შენობაში ან სხვა დახურულ სივრცეში მიმდინარე შეკრებისას დაიცვან შენობის მხოლოდ გარე პერიმეტრი და არ დაუშვან შენობაში დაპირისპირებული ძალის შესვლა.
მემორანდუმი აკონკრეტებს ადმინისტრაციული შენობების გამოყენებისა და გამოყენებაზე უარის თქმის ფორმებსა და ვადებს და განმარტავს, რომ, შენობების ერთი პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატების ან საარჩევნო სუბიექტის მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევაში, თუ იმავე სახის შესაძლებლობა სხვა პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს ან საარჩევნო სუბიექტებს არ მიეცათ, ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპის დარღვევად იმ თანამდებობის პირის მიერ, ვინც უმოქმედობით ან დაუსაბუთებელი უარით არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას. დოკუმენტი, ასევე, აზუსტებს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების აკრძალვას საარჩევნო აგიტაციაში და განმარტავს, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება იმ სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენებაზე, რომელთა დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს.
დოკუმენტის ხელმომწერი ორგანიზაციები აცნობიერებენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და იზიარებენ ადამიანური განზომილების შესახებ ეუთო-ს კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ უნდა არსებობდეს „ნათელი განსხვავება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის" (მუხლი 5.4), და რომ სახელწიფომ უნდა უზრუნველყოს „პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები აუცილებელი სამართლებრივი გარანტიებით, რათა მისცეს მათ ერთმანეთთან შეჯიბრების საშუალება კანონისა და ხელისუფლების წინაშე თანაბარი პირობების საფუძველზე" (მუხლი 7.6).