პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს კარგად გაეცნონ ცვლილებებს, რომელიც კანონში მისი მიღებისას ბოლო დღეებში აისახა.
მისი განცხადებით, ცვლილებები, რომელიც ანტიდისკრიმინაციულ კანონში ბოლო დღეების განმავლობაში შევიდა, როცა სადავო მუხლების ამოღება მოხდა, ასევე პირდაპირ და ირიბი დისკრიმინაციის განმარტებას დაემატა საზოგადოებრივი ზნეობის და საზოგადოებრივი წესრიგის ფორმულირება, ბევრ ბუნდოვანებას და გაუგებრობას ხსნის.
"ყველას, ვისაც ეს კანონი აინტერესებს, ვურჩევ ის წაიკითხონ და კარგად ნახონ შეტანილი ცვლილებები. ასეთ შემთხვევაში ყველა დარწმუნდება, რომ კანონში არც ერთი ტერმინი არ არის ისეთი, რაც პირველად ჩნდება. კანონის პრინციპი არავისთვის სადავო არ არის. მე მგონია, არც საზოგადოებრივი ზნეობა უნდა იყოს ის შესწორება, რომელიც ვინმეს უნდა უშლიდეს ხელს ან ნერვებს, რადგან ასეთ განმარტებას ევროპული კონვენცია იცნობს და ეს არის მნიშვნელოვანი სტანდარტი. თუკი კანონი სწორად და მართებულად იქნება წაკითხული, ყველა დარწმუნდება, რომ ის პრობლემას არ ქმნის", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.