საპარლამენტო უმრავლესობმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად 47 ხმით ჩააგდო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებით უმცირესობის მიერ მომზადებული ალტერნატიული პროექტი.
"ნაციონალური მოძრაობის" საკანონმდებლო შეთავაზების მიხედვით "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან 7 უნდა ყოფილიყო ის, ვისაც საკონსტიტუციო სასამართლომ უფლებამოსილება შეუნარჩუნა, ხოლო პარლამენტის მიერ საბჭოს ახლად დამტკიცებული წევრები საბჭოს შემადგენლობაში ადგილს თანამიმდევრობით დაიკავებდნენ.
აღნიშნულის შემდეგ პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიიღო, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფარგლებში ახალი ორგანოს - მონიტორინგის საბჭოს შექმნას ითვალისწინებს. მონიტორინგის საბჭოში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წინა შემადგენლობის წარმომადგენლები შევლენ. შესაბამისად, ახლად არჩეული სამეურვეო საბჭოს ამოქმედებას სამსახურიდან მათი განთავისუფლება აღარ მოჰყვება და ამ ფორმით "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სისტემაში დარჩებიან.
პროექტის თანახმად, მონიტორინგის საბჭოს წევრების ძირითადი უფლებამოსილება სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორისთვის რეკომენდაციების გაცემა იქნება. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ პარლამენტს სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით მიმართონ.