საბერძნეთთან საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით, 5-7 მაისს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის დედაქალაქს ეწვევა.
ქართველი და ბერძენი კანონმდებლები ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოში ქართველი პარლამენტარები შეხვედრებს გამართავენ პარლამენტის პირველ ვიცე სპიკერ, იოანის ტრაგაკისთან, საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრებთან და საბერძნეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა საბერძნეთის იუსტიციის გენერალურ მდივან, გეორგიოს სურლასთან, რომელიც ორგანიზებას უწევს „არგონავტების ლაშქრობის" მეორე საერთაშორისო კონფერენციას. 2008 წელს სწორედ მისი ინიციატივით და ორგანიზებით ქალაქ ვოლოსში ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, 2009 წელს კი ბათუმში არგონავტების გემის ზუსტი ასლი ჩამოვიდა.
ვიზიტის ბოლოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს და ქართულ დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ამ დროისათვის საბერძნეთში 50-მდე ქართული დიასპორული ორგანიზაცია ფუნქციონირებს და იგი მსოფლიოში სიდიდით მეორე ქართული დიასპორაა.
საბერძნეთის დედაქალაქს საქართველოდან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ, ვიქტორ დოლიძესთან ერთად, ჯგუფის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, მერაბ კაჭახიძე და დავით დარჩიაშვილი ეწვევიან.