კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" საბჭო ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. კოალიციის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არაფორმალურად კოალიციის ლიდერები აქამდეც იკრიბებოდნენ.
როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეიქმნა „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" საბჭო, რომელიც ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილებას აღნიშნულ ფორმატში მიიღებს.
"ჩვენ ძალიან სერიოზულ მუშაობას ვაწარმოებთ. იცით, რომ თბილისის მერად წარდგენილი გვყავს ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ნამდვილად ღირსეული კანდიდატურაა და რეალური შანსი აქვს გამარჯვების. ასევე გარწმუნებთ, რომ კოალიციის საბჭო სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც ძალიან ღირსეულ კანდიდატურებს წარმოგიდგენთ. მომავალი კვირიდან თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ჩვენი კოალიციის წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრები ნახოთ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, დღეს არის კოალიციის ლიდერების პირველი შეხვედრა.
„კოალიციის მმართველი საბჭო, რომელსაც აქვს გრძელვადიანი გეგმები, ხვალიდან ვიწყებთ მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო კამპანიას. ხვალიდან გაიხსნება საარჩევნო შტაბები და ჩვენ ამ შტაბების პრეზენტაციის პროცესში წარმოგიდგენთ ჩვენს პრიორიტეტებს ძირითად მიმართულებებზე. თითოეული თვითმმართველი ქალაქის, რეგიონისა თუ მუნიციპლიტეტეის დონეზე გვექნება ძირითადი საკითხების დეტალური განხილვა,"- განაცხადა მან.