ანტიდისკრიმინაციული პროექტიდან შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტი ამოიღეს. საუბარია კანონპროექტის მეორე მუხლის მეხუთე პუნქტზე , რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს იმ პირთა შევიწროება, რომელთა მიმართ არსებობს მტრული, დამამცირებელი, დამაშინებელი, ღირსების შემლახავი, ან სხვა სახის შეურაცხმყოფელი გარემო.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განმარტა, საკომიტეტო სხდომაზე გამოითქვა შენიშვნა, რომ აღნიშნული პუნქტი არის მეტისმეტად ბუნდოვანი და იძლევა სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტირების საშუალებას. მისი თქმით, კანონის განჭვრეტადობის პრინციპიდან გამომდინარე, გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიცვალოს აღნიშნული პუნქტის ფორმულირება, ან ამოღებული იყო კანონპროექტიდან.
ანალოგიური განმარტება გააკეთა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ. "ეს კანონმდებლობაში ძნელად განსაჭვრეტია. გამომდინარე იქიდან, რომ არ ყოფილიყო ორაზროვანი გაგება, მიზანშეწონილად ჩაითვალა, პროექტიდან მისი ამოღება", - განაცხადა თადუმაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანტიდისკრიმინაციული პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.