აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველომ, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით, დემოკრატიული პროგრესის მიმართულებით მშვიდობიანი სვლის არჩევანი განამტკიცა და ხელისუფლების შეცვლის პარალელურად, აშშ-სთან ანტიტერორიზმის საკითხებში თანამშრომლობას უწყვეტად აგრძელებს.
"ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, ახალი მთავრობა შეერთებულ შტატებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს. 2013 წელს საქართველოს ანტიტერორისტული კანონმდებლობა გაუმჯობესდა. ტერორიზმის ცნება გაფართოვდა და ტერორიზმის მცდელობაც კრიმინალის კატეგორიას მიეკუთვნა", - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რომ შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებს ტერორიზმთან ბრძოლის შესაძლებლობები აქვთ, პერიოდულად ერთობლივადაც მოქმედებენ, მაგრამ ინფორმაციის გაზიარების და მოქმედების კოორდინაციის ყოვლისმომცველი სტრატეგია არ არსებობს.