მოლდოვის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქვეყნის პრეზიდენტს, ნიკოლაი ტიმოფტს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და ის საერთო მისწრაფებები განიხილეს, რაც საქართველოს და მოლდოვას აკავშირებს და აერთიანებს. პრეზიდენტის განცხადებით, ტრადიციული ღირებულებები და საერთო წარსული ორ ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს. ეკონომიკური სფეროს თანამშრომლობაზე საუბრისას, ნიკოლაი ტიმოფტმა აღნიშნა, რომ საჭიროა ორ ქვეყანას შორის ეს კავშირები გაძლიერდეს და დაბალანსდეს ექსპორტ-იმპორტის ნიშნულები. პრეზიდენტის წინადადებაზე ქართულმა მხარემ ურთიერთთანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-მოლდოვას საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები განიხილეს და ამ მხრივ ყურადღება ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაზე და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე გამახვილდა. მოლდოვის პრეზიდენტმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. საუბრის ბოლოს, რეგიონში გეოპოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას, გამოითქვა იმედი, რომ უკრაინაში არსებული კრიზისი, პროცესში ჩართული პოლიტიკური მხარეების ძალისხმევის შედეგად ახლო მომავალში დარეგულირდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა უკვე გამართა. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრთან.