შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, 112-ში არამიზნობრივი ზარის განხორციელებაზე მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმის დაწესებამ შედეგი გამოიღო. ამის შესახებ მოინისტრის მოადგილემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მაღალ ჯარიმას კარგი ეფექტი მოყვა, რადგან მისი დაწესების შემდეგ, ასეთი ტიპის ზარები საერთოდ შეწყდა და არამიზნობრივი ზარის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
ცნობილია, რომ "112"-ის არამიზნობრივი გამოყენება 1500-ლარიან ჯარიმას იწვევს.
საპარლამენტო კომიტეტმა პირველი მოსმენით, შსს-ს მიერ მომზადებული, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტი განიხილა. პროექტი საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებზე დარიცხული საურავების შემცირებას ითვალისწინებს. ამავე ცვლილებებით, ძალოვანთა მოთხოვნისადმი, ან მათ მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმის ქვედა ზღვარი 400 ლარი იქნება. უცვლელი რჩება ფულადი სანქციის ზედა ზღვარი, რომელიც 2 000-ლარს შეადგენს.