იაშვილის კლინიკაში მომხარ ფაქტს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი სწავლობს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ლადო კეპულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის საქმეზე, შესაძლოა, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
,,საჩივრის შესწავლა 14 აპრილს დავიწყეთ, თუმცა მას კონკრეტიზაცია აკლდა. დედა ძირითადად, პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ ბავშვის მდგომარეობის გაუარესება სამედიცინო პერსონალის არასწორმა ჩარევამ გამოიწვია. დეტალიზაცია მასში არ იყო და სინამდვილეში რამ გამოიწვია ეს, ამის თქმა, ჯერჯერობით, შეუძლებელია. ვსწავლობთ ბავშვის ჰოსპიტალიზაციიდან გარდაცვალებამდე პერიოდს და გამორიცხული არ არის რომ აღნიშნულ ფაქტზე ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს", - განაცხადა კეპულაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს იაშვილის სახელობის კლინიკასთან დაპირისპირება მოხდა. წლინახევრის ბავშვის ოჯახი პატარის გარდაცვალებაში ექიმ პაატა გეწაძეს ადანაშაულებს.
სიტუაცია საავადმყოფოს წინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც მედიკოსებმა კოლეგის მხარდამჭერი აქცია მოაწყვეს. ამ ფორმით თანამშრომლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს პროფესორ გეწაძეს, რომელსაც გუშინ გარდაცვლილის ბაბუა დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ბავშვის ოჯახის წევრების მტკიცებით, მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი ექიმის შეცდომა გახდა, რასაც თავად გეწაძე და მისი კოლეგები კატეგორიულად გამორიცხავენ და თანდაყოლილ პათოლოგიაზე საუბრობენ.