ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორი დარწმუნებულია, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.
ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს დელეგაციას, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ესტონეთის პარლამენტში სამუშაო ლანჩზე უმასპინძლეს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები იყო.
" ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, შეუერთდეს ევროკავშირს, მიიღოს MAP-ი და ყველა შემთხვევაში, სადაც შეგვიძლია თქვენი ინტერესების დაცვა, ამას ვაკეთებთ. დღევანდელი სამუშაო ლანჩისას, ნახევარზე მეტი დრო აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხების განხილვას დავუთმეთ. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ მოხდა ესტონეთის გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში. რა თქმა უნდა, ჩვენ განხილვის თემაა უკრაინა. ჩვენ ვხედავთ, რომ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ე.წ. პოსტ-ცივი ომის პერიოდი დასრულდა. უკრაინის მოვლენები იგივენაირად ესმით საქართველოში, როგორც ესტონეთში. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამასთან დაკავშირებით ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი", - განაცხადა ესტონეთის პარლამენტის სპიკერმა.