მალე, საკანონმდებლო ორგანო „საქართველოს განვითარების ბანკის შესახებ" კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია. „საქართველოს განვითარების ბანკის შესახებ" კანონპროექტი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების, ინვესტიციების მოზიდვის, სახელმწიფოს მიერ კერძო საფინანსო ინსტიტუტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი სფეროების განვითარების, ინოვაციური საქმიანობის წახალისების, საფინანსო სექტორის გაძლიერებისა და სამეწარმეო საქმიანობის სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნით, განსაზღვრავს საქართველოს განვითარების ბანკის სამართლებრივ სტატუსს, მისი შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს.
კანონპროექტის მიხედვით, განვითარების ბანკი არის საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის შედეგად, სახელმწიფოს მიერ შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირი - სააქციო საზოგადოება.
გარდა საქართველოს სახელმწიფოსი, განვითარების ბანკს შესაძლებელია ჰყავდეს სხვა პირები აქციონერების სახით, რომელთა კუთვნილი აქციების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 49%-ს.
ასევე განვითარების ბანკს ექნება დამოუკიდებელი ბალანსი და უფლებამოსილია ჰქონდეს ანგარიშები კომერციულ ბანკსა და სახელმწიფო ხაზინაში.
კანონპროექტში აღნიშნულია ასევე ისიც, რომ განვითარების ბანკი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, განვითარების ბანკის წესდებით, სხვა სამართლებრივი აქტებით, თუ აღნიშნული სამართლებრივი აქტების დებულებები არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.
განვითარების ბანკზე არ ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 30-ე, 31-ე, 34-ე პუნქტებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება.
ასევე, განვითარების ბანკზე არ ვრცელდება „ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 29-ე, 48-ე და 49-ე მუხლების მოქმედება, გარდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებული დებულებებისა.
განვითარების ბანკის საქმიანობის მიზანი კი იქნება ა) ბაზრის ჩავარდნის გამოსავლენად ეკონომიკის ცალკეული სექტორების ანალიზი, კერძო საფინანსო ინსტიტუტებისთვის ნაკლებად მიმზიდველ და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან სფეროებში ფინანსებზე წვდომის უზრუნველსაყოფად; ბ) სოციალურ-ეკონომიკურ შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება; გ) შეფერხებული და მიმდინარე პროექტების დასრულებისათვის ხელის შეწყობა და ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება; დ) ეკონომიკის რეალური სექტორისთვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსების შექმნა და მათ წვდომაზე ხელშეწყობის უზრუნველყობა.
განვითარების ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) სესხების გაცემა კომერციული ბანკების მეშვეობით; ბ) გარანტიების გაცემა; გ) დაზღვევისა და გადაზღვევის ოპერაციები; დ) საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე; ე) ობლიგაციებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) საინვესტიციო პროექტებში პირდაპირი ან ვალდებულებითი მონაწილეობა; ზ) იჯარის, სალიზინგო ოპერაციები; თ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.
განვითარების ბანკი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მის მიერ აღებულ ფინანსურ ვალდებულებებზე მიიღოს საქართველოს სახელმწიფო გარანტია.
განვითარების ბანკს ეკრძალება დეპოზიტების მიღება და ასევე ანგარიშსწორების მომსახურების განხორციელება.
განვითარების ბანკი პასუხს არ აგებს საქართველოს სახელმწიფო ვალდებულებებზე. საქართველოს სახელმწიფო პასუხს არ აგებს განვითარების ბანკის ვალდებულებებზე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
კანონპროექტის მიხედვით, განვითარების ბანკის უმაღლესი ორგანო განვითარების ბანკის სამეთვალყურეო საბჭოა. მას ხელმძღვანელობს განვითარების ბანკის პრეზიდენტი. ხოლო განვითარების ბანკის პრეზიდენტს ჰყავს ვიცე-პრეზიდენტი. იმავდროულად, განვითარების ბანკს ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორები.
განვითარების ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით 7 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს განვითარების ბანკის სამეთვალყურეო საბჭო.