"საქართველოსა და მოლდოვას დახმარება სჭირდებათ, მაგრამ საკუთარ თავს თავადაც უნდა დაეხმარონ", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა "The Washington Post" სარედაქციო საბჭოს სტატიას.
სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ ერთი პოზიტიური შედეგი, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ჰქონდა, ევროკავშირის ძალისხმევის გაძლიერება და დაჩაქარება გახდა - გააღრმავოს ურთიერთობები საბჭოთა კავშირის ყოფილ ორ რესპუბლიკასთან:საქართველოსა და მოლდოვასთან.
სტატიაში ასევე საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმ განცხადებასთან დაკავაშირებით, რომლის მიხედვითაც ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების დაუყოვნებელი გეგმა არ არსებობს.
სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ ობამას ეს განცხადება, შესაძლოა, მიმართული იყო პუტინის დარწმუნებისკენ, მაგრამ საქართველოში პრორუსმა პოლიტიკოსებმა ეს იმის მტკიცებულებად მიიღეს, რომ ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული დასავლეთზე.
"The Washington Post"-ის სარედაქციო საბჭო აღნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და რუსული ჯარები აფართოვებენ თავიანთ პოზიციებს. დასავლეთის ოფიციალური პირები კი შიშობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯარებს დნესტრისპირეთშიც გააგზავნის.
"მოლდოვასა და საქართველოს თითქმის ისევე სჭირდება ევროკავშირის დახმარება, როგორც უკრაინას. ორივე ქვეყანა რუსეთის ზეწოლის ქვეშაა, რომელიც იმედოვნებს, რომ ჩაშლის ამ ქვეყნების ევროკავშირთან შეთანხმებებს და აიძულებს მათ კრემლის მიერ კონტროლირებად "ევრაზიულ კავშირში" გაწევრიანებას.მთავრობებმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ ამ ქვეყნების დასახმარებლად. რუსეთისთვის დაწესებულმა მკაცრმა სანქციებმა შესაძლოა შეაჩეროს ბატონი პუტინი მომავალში აგრესიული ქმედებებისგან. ვიდრე ნატო ვერ ახერხებს ამ ქვეყნების დაცვას რუსეთის ინტერვენციისგან, მის ლიდერებს ის მაინც შეუძლიათ თავი შეიკავონ უსარგებლო რიტორიკისგან", - ნათქვამია სტატიაში.