პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამიტი ერთობლივ პრესკონფერენციით დასრულდა. ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ჟურნალისტებს სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა მეთაურების მიერ შემუშავებული 4-პუნქტიანი დოკუმენტი გააცნო. დელეგაციის ხელმძღვანელებმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს. მედიის წარმომადგენელთა ინტერესს უკრაინაში განვითარებული მოვლენები და რეგიონში არსებული ვითარება წარმოადგენდა.
გიორგი მარგველაშვილმა უკრაინასა და საქართველოში მომხდარ მოვლენები შეადარა, რეგიონში რუსეთის გავლენის შესახებ და ქვეყნის ევროპული არჩევანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ის რაც უკრაინაში, ყირიმში 2014 წელს მოხდა, იმ ტრაგედიის გაგრძელებაა, რუსმა სამხედროებმა რომ საქართველოს ორი რეგიონი დაიკავეს. ჩვენ ვხედავთ ამ პარალელს, მაგრამ, ამავე დროს, ვხედავთ სამწუხარო რეალობას - 2008 წლის შემდეგ, ამ 6 წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსებს ეფექტიანი პასუხი კრემლის ამ გეგმაზე არ მიუღიათ. აღმოსავლეთ პარტნიორობა რეალურად ამ პროცესების შემდეგ, 2009 წელს დაიწყო. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობას შეუერთდა მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების, ქართველი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილების საფუძველზე - დაუახლოვდეს ევროპას და ეტაპობრივად გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, რისი ამბიციაც მას აქვს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ნება და არა მგონია, რომ ვინმეს აქვს უფლება 21-ე საუკუნეში დასაჯოს საქართველო, მოლდოვა ან უკრაინა სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებისათვის, მით უმეტეს, რომ ეს არავის, არც მესამე მხარეს არ უქმნის უხერხულობას. მე არ მსურს დაპირისპირება, მე მსურს უკეთესი და წარმატებული მომავალი რეგიონისათვის. ასე რომ, ახლა, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე წლისთავს აღვნიშნავთ და უახლოეს მომავალში ხელი უნდა მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას, ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი სურვილები და ჩვენი აქ ერთად ყოფნა მიზნად უნდა ისახავდეს ერთიანი მიდგომის შემუშავებას დამოუკიდებელი ქვეყნების საწინააღმდეგო ყოველგვარი ზეწოლის, აგრესიის მიმართ. და დღეს, ორდღიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდით, რომ ეს ერთსულოვნება მომავალშიც გაგრძელდება და კვლავ ერთიანი პოზიცია გვექნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაისა და უკრაინაში შექმნილი ვითარება ევროკომისარმა შტეფან ფულემ შეაფასა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა არის ის პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ჩვენი პარტნიორების მისწრაფებებს და არასდროს არ ყოფილა გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი. ეს არის პროექტი, რომელიც აგებულია მეტწილად ურთიერთსარგებლობის პრინციპზე და არა რამე თამაშზე. ჩვენ ეს მრავალჯერ აღვნიშნეთ არა მხოლოდ მედიასთან, არამედ ორმხრივი შეხვედრების დროს ჩვენს რუს მეგობრებთან მსჯელობისას. სამწუხაროა, რომ მათგან ვერ მივიღეთ კონსტრუქციული რეაქცია - ამ პოლიტიკის პოზიტიური გავლენის გამომხატველი დიალოგი".
პრესკონფერენციის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში დასრულდა.