არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება"-მ 2014 წლის 15 იანვრიდან აქტიურად დაიწყო სადამკვირვებლო, შესწავლითი ღონისძიებები სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მათთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით.
ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს და სამუშაო შეხვედრებს მართავს სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" წარმომადგენლებთან.
„სამწუხაროდ, დადგინდა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N:22ნ-ში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, რაც ავტორიზებულ (ფსიქოტროპულ) აფთიაქებში ნარკოტიკული თრობის გამომწვევ მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებდა, არაქმედითი და არასაკმარისი აღმოჩნდა, კვლავ გრძელდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ურეცეპტოდ გაცემა. ორგანიზაციის წევრების მხრიდან განხორციელებულმა სადამკვირვებლო საქმიანობამ კონკრეტულ ავტორიზებულ აფთიაქებზე და „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" მიერ მოწოდებულმა სტატისტიკურმა ინფორმაციამ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ახალი მექანიზმების გამონახვის აუცილებლობა დაგვანახა"- ნათქვამია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება"-ს განცხადებაში.
ორგანიზაციის დაკვირვებამ გამოააშკარავა სქემა, რომლითაც ავტორიზებული აფთიაქების მფლობელები დღემდე მუშაობენ. კერძოდ, ავტორიზებული აფთიაქების მფლობელების მიერ სალიცენზიო უფლების ჩამორთმევისგან თავის არიდების მიზნით, შემუშავებულ იქნა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" მიერ განხორციელებული საჯარიმო სანქციების შემდეგ მათ მფლობელობაში არსებული შპს-ს ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებას და ანალოგიურ მისამართზე ახალი ავტორიზებული აფთიაქის დაარსებას, რაც მათ საშუალებას აძლევდა და აძლევს თავიდან აწარმოონ საქმიანობა. აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება იმდენად დიდ თანხებს უკავშირდება, რომ მეპატრონე მზად არის გადაიხადოს ჯარიმა და გააგრძელოს საქმიანობა იმ ეტაპამდე, სანამ მის ლიცენზიას შეექმნება საფრთხე, ხოლო შემდეგ ახალი იურიდიული პირის სახელით გააგრძელოს აღნიშული საქმიანობა.
ორგანიზაციამ სადამკვირვებლო ღონისძიებებით შეძლო და გამოააშკარავა 5 (ხუთი) ავტორიზებული აფთიაქი, რომელიც უკანონო საქმიანობას ეწეოდა და მათ შესახებ სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" აცნობა. ავტორიზებული აფთიაქების მფლობელების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მათთან გათანაბრებული მედიკამენტების არალეგალურად ბრუნვის შედეგად მიღებული ფინანსური შემოსავალი იმდენად დიდია, რომ სამართალდარღვევის ფაქტებს მხოლოდ საჯარიმო სანქცია ვერ აღკვეთს.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 მარტს ამოქმედებულმა ცვლილებამ რომელიც ითვალისწინებდა კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატიების უკანონო მიმოქცევასთან დაკავშირებით სისხლისამართლებლი პასუხისმგებლობას შედეგი გამოიღო. არსებობს რეალური საშიშროება, რომ კნონის ძალაში შესვლამდე დარჩენილი 5 თვის განმავლობაში წამალდამოკიდებული ახალგაზრდების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. მყისიერად უნდა იქნას გატარებული ქმედითი პრევენციული ღონისძიებები, რაც მეტად მოქნილსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის იმ მედიკამენტებზე კონტროლის მექანიზმს, რომელთა დიდი რაოდენობით არათერაპიული დოზით მოხმარებისას ნარკოტიკული თრობა მიიღწევა.
უპირობოდ მნიშვნელოვან საკითხად მიგვაჩნია სახელმწიფოში აღნიშნული მედიკამენტების იმპორტირების პოლიტიკის დარეგულირება, რადგან ქვეყანაში იმპორტირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რაოდენობა რეალურად საჭირო რაოდენობას რამოდენიმე მილიონით აღემატება. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ 2012 წელს 126 მლნ აბი იქნა იმპორტირებული. გამომდინარე იქიდან, რომ გაბაპენტინზე, ზოპიკლონზე, ზალეპლონზე, დექსტრომეტორფანზე, ბაკლოფენზე და ტროპიკამიდზე საერთაშორისო კონტროლი არ არსებობს, აუცილებელად მიგვაჩნია, კომპეტენტურმა უწყებებმა, კვლევისა და ანალიზის საფუზველზე, ზემოაღნიშნული მედიკამენტების იმპორტირებასთან დაკავშირებით კონკრეტული კვოტა განისაზღვროს, რომელიც ქვეყანაში არსებული საჭიროების შესაბამისი იქნება.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრევენციული ღონისძიების გასატარებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" მხრიდან მეტი რესურსების გამოყენების საშუალება იქნება. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სააგენტოს მიეცეს საშუალება გაზარდოს შემოწმების ტემპი და მოიცვას მთელი ქვეყნის მასშტაბი. ვფიქრობთ, სააგენტოს უნდა გაეზარდოს დაფინანსება და გახდეს მეტად ქმედუნარიანი.
დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხის გადაუჭრელობის შემთხვევაში, მთავრობას ვთავაზობთ შეიქმნას არასამთარობო ორგანიზაციათა მონიტორინგის ჯგუფი, რომელთაც პირდაპირი კომუნიკაცია ექნებათ სააგენტოსთან და ერთობლივად დაგეგმავენ და გაატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება"-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე.
მასალის გამოყენების პირობები