მთავრობის განკარგულებით, ამერიკაში მცხოვრები უხუცესი ქართველი ემიგრანტის პეტრე ხვედელიძის სამშობლოში გადმოსვენებისთვის საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან თანხა უკვე გამოიყო.
"ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან მიმართოს 8200 (რვა ათას ორასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან პეტრე ხვედელიძის საქართველოში გადმოსვენებისათვის საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად", - ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
ამერიკაში მცხოვრები უხუცესი ქართველი ემიგრანტი პეტრე ხვედელიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პეტრე ხვედელიძე 1941 წელს სამამულო ომის დაწყებიდან ძალიან მალე სხვებთან ერთად გერმანელთა ტყვეობაში მოხვდა, სადაც 9 თვე გაატარა. შემდეგ იყო საფრანგეთი და "ქართული ლეგიონი", რომელიც 1944 წელს დე გოლის ნაწილებს შეუერთდა. იგი 1956 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა, მუშაობდა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციაში. იყო ამერიკაში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე. მან თავისი არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძემ პეტრე ხვედელიძეს „ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისა და ქველმოქმედებისთვის" მადლობის სიგელი გადასცა.