საყდრისის საკითხთან დაკავშირებით უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში დაახლოებით ერთ კვირაში ჩამოვა.
როგორც დღეს კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტომა ნიკა ანთიძემ განაცხადა, საბადოს იმ ნაწილში, სადაც ჯერჯერობით სამუშაოები არ მიმდინარეობს, აღნიშნული სამუშაოები მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტების მეთვალყურეობით ჩატარდება.
მისივე თქმით, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა უცხოელების ჩამოყვანის თარიღის დათქმა. ეს იქნება დაახლოებით 6-7 დღის ფარგლებში, საბადოს ერთ ნაწილში სამუშაოები წარმოებული იქნება მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანის შემდეგ და მათი მეთვალყურეობით.
RMG Gold-ის კომერციულმა დირექტორმა სოსო ცაბაძემ აღნიშნა, რომ კომპანიამ მოწვევა გაუგზავნა თომას შტოლნერს, რათა ყოველგვარი ეჭვები გამოირიცხოს.
"ჩვენ ვმუშაობთ სალიცენზიო ტერიტორიაზე, ჯერ არ დაწყებულა სამუშაოები საბადოს იმ ნაწილში, რომლის მიმართაც საზოგადოებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, ამიტომ მოუთმენლად ველით მონიტორინგის ჯგუფის ჩამოსვლას. იმისთვის, რომ გამოირციხოს ყოველგვარი ეჭვები, ჩვენ თავს უფლება მივეცით მოგვეწვია თომას შტოლნერი. შესაბამისი წერილი მას უკვე გავუგზავნეთ და ვიმედოვნებთ, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს მონიტორინგის ჯგუფში", - განაცხადა სოსო ცაბაძემ.
თომას შტოლნერი გერმანელ ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც საყდრისის მაღაროს თაობაზე კვლევებს რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებდა და რომლის დასკვნითაც იქ უძველესი ოქროს საბადოა აღმოჩენილი.