ხვალ, 24 აპრილს, 09.45 საათზე, „ექსპო ჯორჯიას" მე-3 პავილიონში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „საქართველოს ინოვაციების კვირეულს" გახსნის.
ღონისძიებას დაესწრებიან სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი ჰენრი კერალი, ასევე სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ინოვაციების კვირეულის ჩატარება მიზნად ისახავს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, ახალ პროექტებზე მუშაობის დაწყების ხელშეწყობას, უზრუნველყოფს სექტორის მონაწილეთა ურთიერთთანამშრომლობისათვის ცოდნის და ინფორმაციის გაცვლას.
საქართველოს ინოვაციების კვირეულის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო." კვირეულის თანაორგანიზატორები არიან ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი და თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი.