მიმდინარე წლის 23-25 აპრილს, პირველად კავკასიის რეგიონში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად ატარებს სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებში მე-4 რეგიონალურ ფორუმს.
ფორუმში მონაწილეობენ ADB-ის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც გამოცდილება აქვთ სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში, სულ დაახლოებით 120 მონაწილე.
23 აპრილს ფორუმი გახსნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ფორუმი მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნების სახელმწიფო ვალის მმართველებს შორის დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას. 3 დღის განმავლობაში დაგეგმილია 13 სესიის ჩატარება და თითოეული მათგანი მიეძღვნება კონკრეტულ მიმართულებებს. განხილული იქნება შემდეგი საკითხები: სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია და სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზი, რისკების მართვა, ცენტრალური ბანკის ხედვა ვალისა და მონეტარული პოლიტიკის საკითხებში, გლობალური და რეგიონალური ეკონომიკის მდგრადობის მიმოხილვა, სახელმწიფო და კერძო კომპანიების თანამშრომლობა, პირობითი ვალდებულებების მონიტორინგი, ადგილობრივ ვალუტაში გამოსაშვები ობლიგაციების ბაზრების განვითარება და სხვა.
„მნიშვნელოვანია, რომ სამი დღის განმავლობაში ვისაუბრებთ სახელმწიფო ვალის მდგრადობის საკითხზე, განვიხილავთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითს, ვისაუბრებთ ვალის მართვის ინსტრუმენტებზე. ვფიქრობ, დისკუსია იქნება ძალიან საინტერესო, მათ შორის, საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო ვალის ზღვრული მაჩვენებლები სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით არ არის მაღალი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ მდგრადი სახელმწიფო ვალი და ჩვენი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ვალის შემცირებით მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი ზრდა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ აქტუალური გახდა ვალის მართვის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ეკონომიკიური სტაბილურობისა და ფინანსური კრიზისის პრევენციისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, აზიის განვითარების ბანკის რეგიონალური ფორუმი, რომელიც წელს საქართველოში იმართება, ხელს შეუწყობს რეგიონში ვალის მართვის უკეთესი პრაქტიკის დანერგვას და შესაძლებლობას მისცემს დელეგატებს ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები და გამოცდილება," - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ხაზინის უფროსის მოადგილემ კაზუკი ფუკუნაგამ (Mr. Kazuki Fukunaga)
„მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომლის ინიციატივითაც აზიის განვითარების ბანკის თანაორგანიზებით იმართება დღევანდელი ფორუმი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 120 წარმომადგენელი მონაწილეობს. იმედი მაქვს, ის გამოცდილება, რომელსაც დელეგატები ერთმანეთს გაუზიარებენ, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას და სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებში თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას," - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ქეით ჯულიანიმ.
სესიებზე საქართველოდან პრეზენტაციებს გააკეთებენ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.
აღნიშნული ფორუმი უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ADB-ის შორის ურთიერთობას, ხელს შეუწყობს ADB-ის წევრი ქვეყნების და საქართველოს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.
მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა გაიმყაროს პოზიციები ჩვენი რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში.
ADB საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წელს გახდა და მას შემდეგ ყოველ წელს იღებს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ქვეყნისთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.