ევროკავშირთან არსებული ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" ხელმძღვანელმა იოჰან კანდელმა ბათუმში წმინდა შუამავლის მუჰამმედის დაბადებიდან 1443 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მუსლიმ მრევლს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამას მოკითხვა გადასცა.
როგორც იოჰან კანდელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პრეზიდენტ ობამას მთავარი მესიჯია ის, რომ მნიშვნელოვანია რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფა დედამიწის ყველა კუთხეში.
"ბათუმში პირველად ვიყავი მაშინ, როცა ჭელას მინარეთთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა. ეს პრობლემა მოგვარებულია და იმედი მაქვს, აღარ განმეორდება. პატივი მაქვს ვიყო აქ და ჩემს მეგობრებთან ერთად აღვნიშნო ეს ღირსშესანიშნავი დღე, წმინდა შუამავლის მუჰამმედის დაბადების დღე. ამ ღირსშესანიშნავ დღეს გადმოგცემთ მოკითხვას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ობამასგან, მისი მრჩევლისგან რელიგიურ საკითხებში. ასევე, მოკითხვას გადმოგცემთ ევროპარლამენტისგან, გერმანიის, ფინეთის და შვედეთის პარლამენტებისგან", - აღნიშნა იოჰან კანდელმა.
წმინდა მუჰამმედ შუამავლის დაბადების 1443 წლისთავის კვირეულთან დაკავშირებით "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინის და ბოსნიის ისლამური ორგანიზაციების წევრები, კავკასიის შეიხული ისლამის წარმომადგენლობა, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაცია, საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ევროკავშირთან არსებული ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" ხელმძღვანელი. კონფერენციაზე მომხსენებლებმა წარადგინეს თემები ისლამისა და წმინდა მუჰამმედ შუამავლის მოღვაწეობის შესახებ.