საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2014-2015 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 6 წლის ასაკიდან შეუძლია. როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განათლების მინისტრის მოადგილემ  ლია გიგაურმა განაცხადა რეგისტრაცია  3 ეტაპად განხორციელდება.
,,I ეტაპის  რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 23 აპრილს და დასრულდება 2 მაისს.სკოლაში  რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:  რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;  რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;  რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით. II ეტაპი - ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება  2014 წლის 20 მაისს  და დასრულდება  20 ივნისს.ის მოსწავლეები, კი რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე,  სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2014 წლის 23 ივნისიდან  4 ივლისის  ჩათვლით.III ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს და დასრულდება  2014 წლის 18 ივლისს", _განაცხადა გიგაურმა. 
მისივე თქმით, წინა ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე, განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I  და II ეტაპზე და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.
2014-2015 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5 წელი.