უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან კავშირში მოსკოვს ადანაშაულებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.
უწყება საგანგებო დოკუმენტს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სეპარატისტები, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ადმინისტრაციულ შენობებს იკავებენ, რუსულ ფორმებში არიან გამოწყობილი და ხშირად რუსული იარაღი აქვთ.
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მოვლენები ისევე ვითარდება, როგორც ეს ყირიმში მოხდა.
ჯონ კერის უწყება ასევე აღნიშნავს, რომ შენობების დაკავება უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებში არ ყოფილა სპონტანური პროცესი. ტექსტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პროცესი რამდენიმე ქალაქში პარალელურ რეჟიმში და ერთნაირი სცენარით მიმდინარეობდა, რაც იმას მოწმობს, რომ ეს ყველაფერი კარგად იყო მომზადებული.
ტექსტში ისიცაა აღნიშნული, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დააკავა რამდენიმე ადამიანი, რომელიც რუსეთის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.