„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თანამშრომლობისა და მინისტრის პოსტზე ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ - არსებული გზების რეაბილიტაცია და ახალი გზების მშენებლობა, გვირაბების და ხიდების რეაბილიტაცია, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. დავიწყეთ წყალმომარაგების ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი და სხვა მრავალი. ვუსურვოთ ბატონ დავითს არჩევნებში გამარჯვება, რაშიც ერთი წუთით ეჭვი არ მეპარება. მე მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დავით ნარმანია უაღრესად წესიერი, პატიოსანი, მაღალკვალკვალიფიციური და პროფესიონალი მენეჯერია, რომელიც დედაქალაქს ღირსეულად წარუძღვება.
„თქვენ ძალიან ბევრი პრობლემა დაგიტოვათ ყოფილმა მერმა უგულავამ, მაგრამ მჯერა, თავს გაართმევთ და იქნებით ღირსეული, ხალხზე მზრუნველი თბილისის მერი", - მიმართა პრემიერმა დავით ნარმანიას.
დავით ნარმანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას თანადგომისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ გუნდის წევრობა მისთვის დიდი პატივი იყო.
„ვამაყობ, რომ ვიყავი ამ გუნდის წევრი, რომელიც გასული პერიოდის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქვეყანას და ასევე განაგრძობს. ჩვენ გადავიტანეთ ძალიან რთული პოლიტიკური კოჰაბიტაცია და რომ არა ერთიანობა, ასეთი შედეგები არ გვექნებოდა. გისურვებთ წარმატებას და ქვეყნის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანას. მიგულეთ თქვენს გვერდით", - მიმართა დავით ნარმანიამ მინისტრთა კაბინეტს.
საუბრის დასასრულს დავით ნარმანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მუშაობისას გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.