საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრების უფლებამოსილების აღდგენასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილებას ეხმიანება და საზოგადოებისგან ამ ფაქტის ადეგკავტურ შეფასებას ითხოვს.
„დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრების უფლებამოსილების აღდგენასთან დაკავშირებით. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი არის ყოფილი ბორდის წევრის, თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი მელაძის უახლოესი მეგობარი. თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომელი იყო დღევანდელი მოსამართლე ვარძელაშვილიც, „ნაციონალური" ბორდის წევრი გიორგი მელაძე,ისე როგორც მათი ახლო მეგობარი, გიგა ბოკერია.
კონსტანტინე ვარძელაშვილი იყო ნაციონალური რეჟიმის ერთერთი იდეოლოგის, იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. ამიტომ, შეუძლებელია ვარძელაშვილის გადაწყვეტილება იყოს ობიექტური. ეს ცალსახად სუბიექტური გადაწყვეტილებაა, რომელშიც პირდაპირ არის ასახული ნაციონალური მოძრაობის ინტერესები. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პოლიტიკურ და ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს, ჩემთვის ის წარმოადგენს არა ინსტიტუტს - საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ არის ნაციონალების პოლიტიკური გადაწყვეტილების შემსრულებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან მიეცეს ადეკვატური შეფასება, რადგან ამით ხდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია", - აცხადებს ოთარ ჩრდილელი.