საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების დამყარების და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და ახალი ზელანდიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ტაჰა მაკფერსონის შეხვედრისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოელ დიპლომატთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას დავით უსუფაშვილმა ტაჰა მაკფერსონს რეგიონში შექმნილი სიტუაცია გააცნო და აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისი მთელი რეგიონის პრობლემას წარმოადგენს. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ახალი ზელანდიის პოზიციის გამო, რომელსაც ეს ქვეყანა 2009 წლიდან ყოველწლიურად აფიქსირებს იძულებით გადაადგილებულ პირთა გაეროს რეზოლუციის მიმართ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე პოლიტიკურთან ერთად ყურადღება კულტურულ და სპორტულ ურთიერთობებზეც გაამახვილა.
ახალი ზელანდიის ელჩმა სოფლის მეურნეობის სპეციალისტების ორმხრივ ვიზიტებზე და სამუშაო შეხვედრების გამართვაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ახალ ზელანდიას სოფლის მეურნეობის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მიმართ დაინტერესება აქვს და მნიშვნელოვანია ამ სექტორში ურთიერთობების გაღრმავება.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა.