საქართველოს 5 ქალაქში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ შეხვედრებზე მომხდარ ინციდენტებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ეხმიანება და აცხადებს, რომ განვითარებულ მოვლენებს ემიჯნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიამ განცხადება გაავრცელა. "დაუშვებელია საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ჩვენს პრინციპებსა და იმ ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ.ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია ძალადობა. პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყოველთვის ღიად აფიქსირებდა და დღესაც აცხადებს, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები, ისეთ გარემოში, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის უფლება და კანონის უზენაესობა", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ,,ქართული ოცნების" აქტივისტები ,,ნაცმოძრაობის ლიდერებს" დაუპირისპირდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი თელავში პარლამენტის წევრ ლევან ბეჟაშვილის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე, თბილისში, სადაც თბილისის მერბის კანდიდატი ნიკა მელია უნდა გასაუბრებოდა ჟურნალისტებს, ანაკლიაში, სადაც თენგიზ გუნავას, ,ქართული ოცნების" აქტივისტებმა მედიის წარმომადგენლებთან შესაძლებლობა არ მისცეს ესაუბრა ანაკლიის პორტისა და ფოთის აეროპორტის შეჩერებული პროექტების შესახებ, წყალტუბოში, ასევე პარლამენტის წევრს გია თევდორაძეს ,,ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ხელისუფლებამ დაახვედრა 4 ავტობუსი სავსე ,,ოცნების" აქტივისტებით.