შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას პროვოკაციად აფასებს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ზაქარეიშვილმა განცხადა რუსეთის ამ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლებამ აგრესიულად არ უნდა უპასუხოს.
,, საჰაერო საზღვარი შესაბამის სამსახურებს ეხება, ჯერ რეაგირება მათ უნდა მოახდინონ. ამ წუთში გამიჭირდება გიპასუხოთ რა ხდება საჰაერო საზღვარზე, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ამიტომ გთხოვთ კომპეტენტურ სამინისტროს კითხოთ. არსებობს სხვა კომპეტენტური სამსახური ვინც გაგცემთ პასუხს ამ კითხვაზე. ეს აშკარად პროვოკაციაა და საჭიროა პროვოკაციას შესაბამისად ვუპასუხოთ. არა აგრესიულად, არა ისე როგორც ამას რუსები თვლიან, არამედ ისე როგორც სახელმწიფოს ინტერესს შეესაბამება", _განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა ვერტფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. იგი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოფრინდა.
ადგილობრივების განმარტებით, მათ სავარაუდოდ ხურჩის ტერიტორიის სურათები გადაიღეს.