გიორგი მარგველაშვილმა და მარტინ ლიდეგირდმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
საუბარი დიდ ბრიტანეთში სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტსა და ამ სამიტზე საქართველოს საკითხსაც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტმა და დანიის საგარეო მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრეს.
შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.