საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხის განხილვისას, სიტყვით გამოვიდა.
ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას ევროპის საბჭოს იმ მიდგომებს გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნებს ნეიტრალიტეტისა და ძირითადი ფასეულობების დაცვისკენ მოუწოდებს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მოცემულ რეალობაში პრინციპული მოქმედებაა საჭირო.
„მე გამოვდივარ, როგორც ქართველი, როგორც იმ ქვეყნის შვილი, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი 2008 წლის შემდეგ რუსეთს აქვს ოკუპირებული. რუსეთის დღევანდელი ქმედებების ფონზე, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ევროპის საბჭო ლოიალური მიდგომიდან მოქმედებაზე გადავიდეს. როცა 21-ე საუკუნეში რუსეთი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის ანექსიას ახდენს, თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება. საჭიროა მკაცრი და ქმედითი ზომების მიღება",- განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები