პარალმენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ვილნიუსში, ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ანუშკა ვან მილტნბურგსა და ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის სენატის სპიკერ ანკი ბროკერს - ნოლისთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა, ძირითადად, რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება კი ბოლო დროს უკრაინაში განვითარებული მოვლენებს დაუთმეს.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსთის შემდეგი სამიზნე შესაძლოა საქართველო გახდეს, ამიტომაც საჭიროა ევროკავშირმა რუსეთთან მიმართებაში უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას.
ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო ნატოს მომავალ სამიტს. ქართული მხარის მხრიდან აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში დიდია მოლოდინი აღნიშნულ სამიტზე საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებისა.
,,ჩვენ სრულად ვიზიარებთ საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ვიწონებთ თქვენს ხედვას და პოზიციას რეგიონში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში", - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის სენატის თამჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრებზე ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის ორივე სპიკერმა გამოთქვა მზადყოფნა, მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო საშუალებებით დაეხმარონ საქართველოს შექმნილი რთული ვითარების დაძლევაში.