სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ უსუფაშვილის გზავნილი არსებულ რეალობას უკავშირდება.
პეტრიაშვილის თქმით, სახეზეა საბჭოთა კავშირის რეინკარნაციის, მცდელობა, თუმცა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერითა და ნატოს სამიტზე პროგრესის დაფიქსირებით საქართველო არა თუ გაქრება, არამედ მალე შეუერთდება საერთაშორისო თანამეგობრობას.
,,მიმაჩნია, რომ მისი გზავნილი არის მეტწილად დაკავშირებულია დღეს არსებულ ვითარებასთან. აშკარად სახეზეა საბჭოთა კავშირის რეინკარნაციის, აღდგენის მცდელობა. ამ შემთხვევაში თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე ისევ მოექცა ერთი კონკრეტული სახელმწიფოს და ერთი კონკრეტული მმართველის კონტროლქვეშ ისევე როგორც ეს წინა საუკუნის დასაწყისში მოხდა რეალურად ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიძლება მართლაც გაქრეს. მაგრამ რეალურად ვითარება განსხვავებულია და მიმაჩნია, რომ ნატოს, ევროკავშირის მხარდაჭერა უფრო და უფრო მზარდია საქართველოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ნატოს სამიტზე პროგრესის დაფიქსირებით საქართველო არა თუ გაქრება, არამდე ძალიან მალე შეუერთდება საერთაშორისო, დემოკრატიული თანამეგობრობის დიდ ოჯახს", _განაცხადა პეტრიაშვილმა.
,, ნატოს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება, მალე მოხდეს", _ამის შესახებ, უსუფაშვილმა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.