საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ნორბერტ ლამერტს შეხვდა.
საქართველო-გერმანიის პარლამენტების თავმჯდომარეების ორმხრივ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სწრაფვა იყო. „საგარეო პოლიტიკის მიმართ ქვეყანაში არის ერთსულოვნება. საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი", - ხაზგასმით აღნიშნა შეხვედრისას დავით უსუფაშვილმა.
მხარეებმა საქართველო-გერმანიას შორის უკვე არსებულ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო, მათ შორის, საკომიტეტო დონეზე გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.
„დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს საერთო მიზნები გააჩნიათ", - აღნიშნა ბუნდესტაგის სპიკერმა.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თავის კოლეგას გერმანიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ქვეყნისთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის, ნორბერტ ლამერტის შეხვედრა ვილნიუსში გაიმართა, სადაც დავით უსუფაშვილი ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.